რა უნდა გააკეთოს საქართველომ ინვესტიციების მოსაზიდად

კონრად ადენაუერის ფონდმა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნეს ერთობლივ მიმოხილვა, რომელშიც საუბარია საქართველოში პანდემიის შედეგებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

დოკუმენტის მიხედვით, გამოიკვეთა ის ძირითადი შესაძლებლობები, რაც ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით უფრო მეტად ეფექტურს გახდის. მათ შორის, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ:

  • საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით არ უნდა შეჩერდეს რეფორმების გატარება. გარდა კორონა ვირუსით გამოწვეული სირთულეებისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი რეფორმის დაწყების, ან თუნდაც უკვე ინიცირებულის დაჩქარების კუთხით, თუმცა ვიწრო ჭრილში განსაკუთრებული აქცენტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს;
  • მნიშნელოვანია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა - მათ შორის უკვე მომზადებული კანონის “საინვესტიციო ფონდების შესახებ” დამტკიცება და გადახდისუუნარობის კანონპროექტის შემუშავება, რაც გარდა ინვესტიციების მოზიდვისა, გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას საინვესტიციო ფონდებზე და ფინანსურ რესურსებზე;
  • ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ძლიერი მცირე და საშუალო სექტორის არსებობა. ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი განავითაროს და გააძლიეროს ეს სექტორი;
  • მომსახურების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა 5G-ზე გადასვლის დაჩქარება, რაც სტიმულს მისცემს ადგილობრივ და უცხოურ სტარტაპებს განახორციელონ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ბიზნეს პროექტები;
  • საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს მიუკერძოებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნულ გარემოებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ასახელებენ სქართველოს სტრატეგიული პარტნიორებიც;
  • მართალია განათლების სისტემის გაუმჯობესება შედარებით გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული, თუმცა მისი რეფორმირებისა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გარეშე წარმოუდგენელი იქნება საქართველოს სამომავლო საინვესტიციო პერსპექტივების წარმატებული პოზიციონირება. შესაბამისად, განათლების სისტემა მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული უზრუნველყოს მომავალი თაობის კვალიფიკაციის მაღალი დონე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა და მან 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ნოდარ სირბილაძე