შოთა რეხვიაშვილი - სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვა იძულებითი ნაბიჯი იყო - ვვარაუდობდით, რომ დღეში 700 ტესტს მაინც ავიღებდით და ორასს ვერ ავცდით

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვა იძულებითი ნაბიჯი იყო.

„ჩაიკეტა ამ ეტაპზე სოფელი ყარაჯალარი და იმედია, შემდგომი გამკაცრების საფუძველი არ გვექნება. ყარაჯალარი ჩაიკეტა იმდენად, რამდენადაც აქ უფრო მეტი მასშტაბია დაავადების გავრცელების. გუშინდელი ანალიზებიდან კიდევ 4 ფაქტი დაგვემატა. სულ ამ სოფელში არის 23 შემთხვევა, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჯამურად 43 შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ერთი ფაქტი დადასტურდა სოფელ გამარჯვებაში, სადაც ასევე, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. აღთაკლიასა და ყარათაკლიაშიც მუშაობენ ეპიდემიოლოგები, დღეს ჯამურად მარტო ყარაჯალარში მუშაობს 5 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი. ყარაჯალარის ჩაკეტვა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ჩვენ ამ დღეების მანძილზე ძალიან ბევრი მცდელობა გვქონდა იმისა, რომ გამოსულიყო უფრო აქტიურად მოსახლეობა და სრულად ჩაეტარებინათ ტესტი. აზრი ისაა, რომ მოკლე ვადაში უნდა მოვიცვათ სოფელი, რომ რეალური სურათი გვქონდეს და თუ ვინმე დაავადებულია, ის ხალხი დროულად იქნას დაცილებული დანარჩენი ჯანმრთელი ნაწილიდან. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ დღეში 700 ტესტს მაინც ავიღებდით და ორასს ვერ ავცდით. მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და ყველა ინფორმაცია არის მიწოდებული მოსახლეობისთვის. პირველ რიგში ჩვენ ვტესტავთ ადგილობრივ მოვაჭრეებს, სასურსათო მაღაზიებსა და ხორცის დისტრიბუტორებს”, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.