გიგა ბოკერია მთავრობის გადაწყვეტილებაზე „ფრონტერასთან მიმართებაში - პოლიტიკური ვირეშმაკობის მაგალითია, ქვეყნისთვის ბრიყვული და მავნებლური

პოლიტიკური ვირეშმაკობის მაგალითია, ქვეყნისთვის ბრიყვული და მავნებლური,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტს აგრძელებს.

გიგა ბოკერიას თქმით, „ფრონტერასთან“ დაკავშირებულმა სკანდალმა ქვეყნის იმიჯი დააზიანა.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მდიდარი კომპანიის ინტერესებს კი არა, საშუალო და გაჭირვებული კლასის მოქალაქეებს ეხება. აქ ფულის დახარჯვა დაკავშირებულია რისკთან. მთავრობა ოლიგარქის დავალებით შეიძლება ჩაგერიოს და წაგართვას, სასამართლო ხომ საერთოდ არ არსებობს. ეს არის ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახზე აისახება, განსაკუთრებით მათზე, ვისაც უჭირს. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

დამატებითი სიბრიყვეა ის, რომ ახლა უკან იხევენ, ოღონდ პრობლემა ამით ბოლომდე არ იხსნება. ამდენი სისულელე და მავნებლობა ერთად, მარტო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს შეუძლია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

დღეს კი ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია „ფრონტერამ“ საქართველოს მთავრობას „დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.