გვქონდა შესაძლებლობა, ქართველ ექსპერტებთან ერთად განგვეხილა ჩვენი განახლებული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, სადაც, რა თქმა უნდა, იკვეთება კონკრეტული სექტორები, - ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად, განახლებული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე იმსჯელეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ის სექტორები განიხილეს, რასაც საქართველოში ინვესტიციის კუთხით მეტი უპირატესობა აქვს.
„ჩვენ მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად გავაკეთეთ ძალიან საინტერესო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას, 400-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაციაზე გასვლას, აქედან ჩვენ უმეტესობასთან გავაგზავნეთ უკვე წერილები და აქტიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია. განვიხილეთ ის სექტორები, რასაც მეტი უპირატესობა აქვს საქართველოში ინვესტიციის კუთხით და ასევე განვიხილეთ ინვესტორების დახმარების სქემები, რომლებიც ჩვენ შესაძლოა უახლოეს მომავალში წარვადგინოთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.