„8 წლის განმავლობაში საქართველოში ბიზნესზე წნეხს ადგილი არ ჰქონია,“- ასე უპასუხა ირაკლი მეზურნიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, „ფრონტერას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ფრონტერა ხელისუფლებას წლების განმავლობაში მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
„ ეს არ შეესებამება სიმართლეს, ეს სიცრუეა, რადგან არანაირი მუქარა, არანაირი დამატებითი წნეხი თუ მსგავსი რამ ბიზნესზე 8 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და ამას ცხადყოფს სხვადასხვა რეიტინგი და ზოგადი ატმოსფერო. ნებისმიერი ბიზნესი ქართული იქნება ეს თუ უცხოური, ნებისმიერი ინვესტიცია საქართველოში არის დაცული და ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა“- აღნიშნავს მეზურნიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია, სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
ნოდარ სირბილაძე