Nike, Puma, Adidas, New balance, Lotto, Erima - ეს იმ ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა პროდუქცია საქართველოში შეიკერება. საუბარია, საწარმო „ქართლი ტექსტილზე“, რომელიც შეკვეთებზე მუშაობას 4 თვეში დაიწყებს.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გია ლომინაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კომპანია მხოლოდ სპორტულ ბრენდებთან ითანამშრომლებს, თუმცა აქ შეკერილი პროდუქცია ექსპორტის შემდეგ, შესაძლოა, იმპორტით ისევ საქართველოში მოხვდეს.
აღსანიშნავია, რომ „ქართლი ტექსტილის“ მიერ დამზადებული უნიფორმებით 2021 წლიდან ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის ფეხბურთელებიც ითამაშებენ. პროდუქციაზე კი წარწერა MADE IN GEORGIA იქნება დატანილი.
„ქართლი ტექსტილის“ მშენებლობა რუსთავში მიმდინარეობს და ის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. როგორც გია ლომინაძე განმარტავს, საწარმოში 3000-მდე ადამინი დასაქმედება, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 20 მლნ ლარს შეადგენს. „საწარმოს მშენებლობის დასრულება და შესაბამისად, შეკვეთებზე მუშაობის დაწყება 4 თვეში იგეგმება. აქ დასაქმდება 3000 ადამიანი. პროქტის ჯამური საინვესტიციო ღრებულება 20 მლნ ლარს შეადგენს. გარდა იმისა, რომ „ქართლი ტექსტილი“ სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელებისთვის ფორმებს შეკრავს, ვითანამშრომლებთ მსოფლიოს ყველა სპორტულ ბრენდთან. ძირითადად კი, nike-თან, Adidas-თან , New balance-თან და ა.შ. სწორედ მათთვის დავამზადებთ სპორტულ ტანსაცმელს.
ეს პროდუქტი არ იქნება ადგილობრივი ბაზრისთვის, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ექსპორტზე ვიმუშავებთ. თუმცა, შესაძლოა, შესაბამისმა ბრენდებმა გარკვეული პროდუქცია ისევ საქართველოში გაყიდონ. ჩვენ უბრალოდ მხოლოდ წარმოების უფლება გვაქვს და არა რეალიზაციის. ჩვენი წარმოებული პროდუქცია წავა სათაო ოფისში და შემდეგ შეიძლება, აქაც გამოიგზავნოს“, - აცხადებს გია ლომინაძე.