ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შანდუნის პროვინციის ქალაქ ცინდაოსთან ახლოს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტის მშენებლობა დასრულდა.
ცინდაო იაოდონგის საერთაშორისო აეროპორტი (Qingdao Jiaodong International Airport) ასე ეწოდება თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აეროპორტს, რომელსაც ზღვის ვარსკვლავის ფორმა ექნება.
CNN-ის ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობა ჯამში 41 მილიარდი იუანი ( 5.8 მილიარდი აშშ დოლარი) დაჯდა და მისი მთლიანი ფართობი 3 066 ჰექტარია.
ამასთან, აეროპორტი 4F-კლასის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდების- A380-ისა და Boeing 787-ის მიღებას შეძლებს.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, აეროპორტის სრულიად ამუშავების შემდეგ, წელიწადში ის 60 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება და 452 000-მდე ავიარეისს შეასრულებს.
რაც შეეხება აეროპორტის უცნაურ, ზღვის ვარსკვლავის ფორმას, ის მგზავრებს საშუალებას მისცემს გასასვლელებამდე მანძილი მნიშვნელოვნად შეამცირონ და ავიარეისებს შორის გადაჯდომის დრო დაზოგონ.
ამასთან, ცინდაო იაოდონგის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ყურადღება დაეთმობა გამწვანებასა და განახლებადი რესურსების გამოყენებას. აეროპორტში უზარმაზარი ხელოვნური ჩანჩქერიც მოეწყობა, სადაც წვიმის დროს შეგროვებულ წყალს გამოიყენებენ.
აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რაც ქალაქამდე გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
ჩინეთის ტურიზმის სააგენტო იმედს გამოთქვამს, რომ ახალი აეროპორტი ქალაქ ცინდაოსა და მის შემოგარენში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.