მთავრობა წავიდა დათმობაზე იმისთვის, რომ „ფრონტერას“ შეუძლია კიდევ უფრო დააზიანოს საქართველოს იმიჯი და ბიზნესგარემო, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პროფესორი ლადო პაპავა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ამერიკული კომპანია „ფრონტერასთვის“ ხელშეკრულების შენარჩუნების თაობაზე.
როგორც ლადო პაპავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც პოლიტიკური.
„პროცესი მართთლაც საკმაოდ რთულია. ეს კომპანია 23 წელია საქმიანობს საქართველოში. რა გააკეთა მან ამ 23 წლის განმავლობაში? - რა ნავთობის მოპოვებაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, მას ეს არეალი არ გაუფართოვებია, არც დანარჩენი ტერიტორია შეუსწავლია და საძიებო სამუშაოები უწარმოებია. ფაქტობრივად, მას არ შეუსრულებია აღებული ვალდებულებები. საერთაშორისო სარბიტრაჟო სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავის საფასური სწორედ „ფრონტერას“, წაგებულ მხარეს დაეკისრა. ეს არის ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ქართველი მხარე მართალია. ის, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანიას თუნდაც 1%-ის არეალში საქმიანობის უფლება დაუტოვა, ვფიქრობ, პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, შეეძლო სამართლებრივად ესეც არ გაეკეთებინა“, - განაცხადა პაპავამ.
როგორც ლადო პაპავა აღნიშნავს, „ფრონტერამ“ გამოიყენა ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ლობისტებმა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად ვერ იმუშავეს.
„ლობისტური საქმიანობა, სამწუხაროდ, გახდა მახინჯი ზედნაშენი იმისა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამ ზედნაშენის გამო ხანდახან საქმე იკარგება. რა თქმა უნდა, საჭიროა ლობისტური კომპანიები გააქტიურდეს, მაგრამ თანხები, რაც იხარჯება ლობიზმში, ეს არის პრაქტიკულად ის თანხები, რაც ქვეყნების ეკონომიკას აკლდება. ლობიზმი გარდაუვალია, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, დამაზარალებელი. როდესაც ლობისტურ საქმიანობაზე ვასუბრობთ, აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ „ფრონტერას“ საქმეს, ეს დაკავშირებულია პოლიტიკურ ლობიზმთანაც. თუ საქართველოს მთავრობა ხედავს, რომ ლობისტური კომპანია არ უვარგა, ჯობს, მალე შეცვალოს, ან მოსთხოვოს უფრო აქტიური საქმიანობა“, - აღნიშნა პაპავამ.
რაც შეეხება მტავრობის განცხადებებს, როგორც პაპავა ამბობს, ეკონომიკის მინისტრის განცხადება „ფრონტერასთან“ დაკავშირებით იყო აბსოლუტურად სწორი, კორექტული, თავდაჭერილი და პოლიტიკურად გაწონასწორებული.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ინვესტიციების განხორციელებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება გამოიჩინა საქართველოს მთავრობამ რომ ის 1% დაუტოვა „ფრონტერას“ საქართველოში. ზუსტად ასე უნდა იქნეს შეფასებული, რომ საქართველოს მთავრობა წავიდა დათმობაზე იმისთვის, რომ „ფრონტერას“ შეუძლია კიდევ უფრო დააზიანოს საქართველოს იმიჯი და ბიზნესგარემო. რასაც აკეთებს კიდეც „ფრონტერა“ თავისი აგრესიული პოლიტიკით. ხელისუფლება კი ცდილობს ქვეყანაში სამართლიანობა იყოს, ამიტომ დაუტოვა 1% და არა 99%. ამიტომ მიიღო საქართველოს მთავრობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც პოლიტიკური იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს რომ ყოფილიყო ნებისმიერი სხვა კომპანია, თუნდაც ქართული, მისგან 100-ვე პროცენტს დაიბრუნებდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. გამოსავალს ერთს ვხედავ, საქართველოს მთავრობის და „ფრონტერას“ წარმომადგენლებმა უნდა დაიწყონ დიალოგი, ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია“, - განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოერიდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭებას.
„თუმცა, მარტივად არ წყდება ფინანსური მხარდაჭერის საკითხები. მხოლოდ ერთი ფაქტიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა რომ შეიცვალოს, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. ერთ „ფრონტერას“ არ შეუძლია დიამეტრალურად შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ შეუძლია ბზარის გაჩენა. სწორედ იმისთვის, რომ ეს ბზარი არ იყოს საქართველოსთვის დამაზიანებელი, საჭირო გახდა საქართველოს მთავრობა გარკვეულ დათმობაზე წასულიყო“, - განაცხადა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისათვის, გუშინ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.