საქართველოში ივნისში ჯამურად 1 607 ვაკანსია (ციფრი არ შეიცავს განმეორებით გამოცხადებულ ვაკანსიებს) დაფიქსირდა, საიდანაც 78 ვაკანსია რეგიონებს ეკუთვნის (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გარდაბანი და სხვ).
ამის შესახებ კომპანია „ინსორსის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელმაც დასაქმების ბაზარი შეისწავლა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში ადამიანურ რესურსზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა შექმნა კვების წარმოება-დისტრიბუციამ - 149 ვაკანსია; საცალო ქსელმა - 125 ვაკანსია; მომსახურების სფერომ - 101; ბანკებმა - 93; კლინიკების ქსელმა - 59 და IT კომპანიებმა - 59.
„ივნისში აქტიურ ინდუსტრიად იქცა სწრაფი კვების ქსელიც, სადაც 32 ვაკანსია დაფიქსირდა. მზარდი მოთხოვნა შექმნა ქოლ-ცენტრის სერვისმა (30 ვაკანსია) და საკონსულტაციო მომსახურებამაც (31 ვაკანსია).
ინფორმაციის დამუშავებისას, ყურადღება მიიქცია ახალმა და მზარდმა სფეროებმაც, როგორიცაა ელექტრონილი კომერცია, ციფრული მარკეტინგული სააგენტოები და ონლაინ მედია პლატფორმები, რომლებმაც სულ 38 ვაკანსია დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის, ტურიზმის სფეროს გაჩერებისა თუ დაპაუზების შესახებ, გაკვირვება გამოიწვია ამ სფეროს აქტიურობამაც, სასტუმროების, დასასვენებელი კომპლექსების მხრიდან ივნისში ჯამურად 32 ვაკანსია დაფიქსირდა.
სხვადასხვა ინდუსტრიის მიერ შექმნილი მოთხოვნა პროფესიებზე საინტერესოდ აისახა. ცხადია, კვლავ ლიდერობს გაყიდვების სფერო, ისეთი პოზიციებით, როგორიცაა გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების კონსულტანტი, გარე გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების აგენტი.
ზოგადად, ივნისის ტოპ პროფესიებია გაყიდვების მენეჯერი (242 მოთხოვნა), დისტრიბუტორი/ვაიზერი (156 მოთხოვნა), მოლარე კონსულტანტი (143 მოთხოვნა) და ცხადია, დეველოპერი 143 მოთხოვნით,“-აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა რომ, იზრდება მოთხოვნა ძირითადად, საბანკო სექტორიდან, ახალ პროფესიებზე, როგორიცაა Product Owner (ჯამურად 12 მოთხოვნა), ბიზნესის ანალიტიკოსზე (22 მოთხოვნა) UX/UI დიზაინერზე - 16 ვაკანსია Data scientist და Data analyst პროფესიებზეც (11 ვაკანსია),
ცნობისათვის, კომპანიამ დაკვირვებისათვის jobs.ge-სა და LinkedIn-ზე გამოცხადებული ვაკანსიები გამოიყენა.