საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო.
1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალების შეძენა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით. ეს მოიცავს 5,000 სახის საფარს, 13,200 დამცავ სათვალეს, 30,000 საიზოლაციო ხალათს, 1,000,000 სამედიცინო ნიღაბს და 328,000 რესპირატორს.
ეს ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო. ის განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. ეს დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს, უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ.
პირადი დამცავი საშუალებები ჯანდაცვის მუშაკების უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ის გადანაწილდება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4,200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ვინსენ რეიმ, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა და სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ჩამოსული დახმარება ოფიციალურად გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
„ევროკავშირი COVID-19 კრიზისის დროს, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ამ სამედიცინო საშუალებების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ქვეყანას სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებასა და წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დაცვაში დაეხმარება, როგორც ახლა, ასევე მომავალში. ეს დახმარება ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უწევს და ასახავს ჩვენს მყარ პარტნიორობას,“ - აღნიშნავს ვინსენ რეი.
„პანდემიასთან ბრძოლაში, როგორც ევროკავშირის ასევე „ჯანმო“-ს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული 15 ტონა ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუციაა, რაც საქართველომ ამ რთულ პერიოდში მიიღო. აღნიშნული დახმარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სწორედ იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ჯანმთელობის დასაცავად არის განკუთვნილი, ვისაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში და ვისი დახმარებითა და დაუღალავი შრომითაც საქართველო დღეს იქ დგას, სადაც დგას და არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ასეთი მარტივად მისაღწევი არ იქნებოდა რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარება“, - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ჯანდაცვის მუშაკები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისას წინა ხაზზე მოქმედებენ, რაც მათ ინფიცირების გაცილებით მაღალი რისკის წინაშე აყენებს. ისინი ჩვენი გმირები არიან, მაგრამ მათი შესაძლებლობები ადამიანურს არ აღემატება. ევროკავშირის გულუხვი დახმარებით მიღებული დამცავი საშუალებები უფრო შეამცირებს ყოველდღიურ რისკებს და დაიცავს როგორც ჯანდაცვის მუშაკებს, ასევე მათ პაციენტებს,“ - აღნიშნა სილვიუ დომენტემ.
პირადი დამცავი საშუალებების საქართველოსთვის გადმოცემა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში. ამავე მხარდაჭერის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით აქტივობებსაც განახორციელებს, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს, ასევე ჯანდაცვის სექტორის მზაობის და უკეთესი რეაგირების შესაძლებლობების ზრდას.
ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირმა €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად.