კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთის“ მოპირდაპირე მხარეს, ფეხსაცმლის ქარხანა „ისნის“ მიმდებარედ შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ Mcdonald’s-ის რიგით მე-16 რესტორანს აშენებს. პროექტი თითქმის დასკვნით ფაზაშია და მისი გახსნა აგვისტოში იგეგმება.
როგორც დაანონსებული იყო, კომპანია პროექტის განხორციელების მიზნით, მინიმუმ 6 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და არანაკლებ 35 ადამიანს დაასაქმებს.
რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპნიას 2019 წლის ანგარიშგება ჯერ წარდგენილი არ აქვს. ხოლო როგორც 2018 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.
რაც შეეხება „თ და კ რესტორნების“ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, შპს „თ და კ რესტორნების“ შემოსავალი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 79 431 171 ლარი, ხოლო 2017 წელს 63 685 685 ლარი იყო. კომპანიის მთლიანი სრული შემოსავალი კი საანგარიშო პერიოდში 6 317 290 ლარი იყო. ცნობისთვის, მთლიანი სრული შემოსავალი არის შემოსავალსა და ხარჯებს შორის არითმეტიკული სხვაობა.
რაც შეეხება მოგებას, 2018 წელს კომპანიის მოგება/(ზარალი) დაბეგვრამდე - 6 606 248 ლარი; მოგების გადასახადი ხარჯი - 288 958 ლარი; წმინდა მოგება/(ზარალი) – 6 317 290 ლარი, იყო. ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „თ და კ რესტორნების“ საკუთრებაში 99 905 807 ლარის აქტივები იყო.
ამასთან, როგორც კომპანიის ანგარიშგებაშია ასახული, 2018 წლის მონაცემებით, მომხმარებლებისგან მიღებული ფულადი სახსრები - 93 873 390 ლარს, მომწოდებლებზე და თანამშრომლებზე გადახდილი თანხები კი 78 710 153 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, კომპანია „თ და კ რესტორნები“ 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. კომპანია საქმიანობს „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით და წარმოადგენს „მაკდონალდის“ კორპორაციის ფრანჩაიზს. 2018 წლის 31 დეკემბერს კომპანია წარმოდგენილი იყო 14 რესტორნით საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი.
რაც შეეხება მფლობელებს, რეესტრის 14 მაისის ამონაწერით, კომპანიის 90% თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს კომპანიის პრეზიდენტია, 10%-იან წილს კი თენგიზ კაპანაძე ფლობს, რომელიც ამავე დროს გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.