საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.