ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების ფილიალების რაოდენობა გაიზარდა, სერვის-ცენტრების კი შემცირდა.
ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.
უფრო კონკრეტულად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობა. თუ 2019 წლის ივნისის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 801 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს ეს რაოდენობა 784-მდე შემცირდა. რაც შეეხება ფილიალების რაოდენობას, 2019 წლის ივნისში 134 ერთეული ოპერირებდა, წელს კი - 162. 2020 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში 15 ბანკი ოპერირებს.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 56-დან 42-მდე ერთეულამდე შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში 55 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა. თუ 2019 წლის ივნისში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 909 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 854-ს შეადგენს.
სამაგიეროდ, გაიზარდა სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 201 ერთეულს შეადგენს. 2019 წლის ივნისში სესხის გამცემი სუბიექტეის რაოდენობა შეადგენდა 182-ს, ახლა კი მათი რიცხვი 201-ია.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით 2020 წლის ივნისში ბაზარზე ოპერირებდა 18 სადაზღვევო კომპანია, 4 - საპენსიო სააგენტო და საპენსიო სქემა, 2 - საფონდო ბირჟა და ერთი - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება.