შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, გასულ კვირაში თბილისის მასშტაბით ყველა ბაზარი შემოწმდა და გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე, რიგი ბიზნეს სუბიექტები დაჯარიმდნენ.
როგორც ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს ბაზრებისა და ბაზრობების ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დავიწყეთ ბაზრების და ბაზრობების შემოწმება. გასულ კვირაში თბილისის მასშტაბით შემოწმდა ფაქტობრივად ყველა ბაზარი. მათ შორის: ლილო, ელიავა, დეზერტირები, ნავთლუღი, დიდუბე, გლდანი, ვარკეთილი და დიღომში არსებული ბაზრობები. ყველა მათგანს მიეწოდა ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუმცა გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებთან კვლავ ფიქსირდებოდა დარღვევები, ამიტომ იძულებული გავხდით გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი. ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესსუბიექტი, დეზერტირების ბაზარში -1, ნავთლუღში-2, დიდუბეში-3, ვარკეთილში 1 ბიზნესოპერატორი. დღეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ ინსპექტირება, დავიწყეთ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, ვაწვდით ინფორმაციას, თუ რა წესები უნდა დაიცვან“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე თქმით, 118 აუზი დარეგისტრირდა, საიდანაც შემოწმდა 106 და საქმიანობის უფლება მიეცა 66-ს. ასევე, დარეგისტრირებულია 275 სპორტდარბაზი, შემოწმდა- 263 და საქმიანობის განახლებაზე თანხმობა 144-ს მიეცა.