ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის და მომხმარებელთა ფინანსური ჩართულობის გაზრდისთვის, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ სექტორში ინოვაციური მოდელების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე აამოქმედა ფინანსური ინოვაციების ოფისი და რეგულირების ლაბორატორია.
„ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტურ გამოყენებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებას; ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში. რისკების მიტიგაციის მიზნით ეროვნული ბანკი გამოიყენებს რეგულირების ლაბორატორიის ანალოგიურ სამეტაპიან მიდგომას.
ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებით ან/და ციფრული ბანკის ჩარჩოს განვითარებით დაინტერესებულ პირებს განხილვებისთვის შეუძლიათ მიმართონ ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციების ოფისს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.