ლოქდაუნის დროს თბილისში კორპუსების მშენებლობაზე ნებართვები გაიზარდა

დედაქალაქში კორპუსების მშენებლობაზე ნებართვები გაიზარდა. როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2020 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე 71 ნებართვა გაიცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 65.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სახლებს, აქ გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-მაისში არქიტექტურის სამსახურმა გასცა 468 ნებართვა, წელს ანალოგიურ პერიოდში კი 387.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ყველა ფუნქციის ობიექტის ახალ მშენებლობაზე ჯამში გაიცა 1 780 მშენებლობის ნებართვა. 1 283 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის და 170 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის.