BMW სრულად ელექტრო მე-5 სერიას გამოუშვებს

BMW აცხადებს, რომ წარმოების მასშტაბური გარდაქმნის პროგრამის ფარგლებში, სრულად ელექტრო მე-5 სერიის გამოშვებას გეგმავს. ამგვარად, გერმანული კომპანია გამონაბოლქვის შემცირებას არამხოლოდ წარმოებისას, არამედ გზებზეც გეგმავს.

„ჩვენი ათწლიანი გეგმის შესაბამისად, მომავალ ათ წელიწადში, დაახლოებით შვიდი მილიონი ელექტრიფიცირებული მანქანა გვექნება გამოშვებული, რომელთაგან დაახლოებით ორ მესამედს, სრულად ელექტრო დანადგარი ექნება“, - ნათქვამია ავტომწარმოებლის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოკომპანიები ვალდებულნი არიან, 2030 წლისთვის, მათ მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვი, 2021 წელთან შედარებით, 37.5 პროცენტით შეამცირონ. ამჟამად მოქმედი წესის შესაბამისად, კომპანიებს 2007-2021 წლების პერიოდში, ავტომობილების გამონაბოლქვის 40 პროცენტით შემცირება ევალებათ.

BMW მომავალი წლიდან ხუთი ელექტრომობილის წარმოების დაწყებას გეგმავს. ესენია BMW i3, MINI Cooper SE, BMW iX3, BMW iNEXT და BMW i4. სულ კომპანია 2023 წლამდე პერიოდში, ბაზარზე 25 ელექტრიფიცირებული ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელთა ნახევარი ელექტრომობილი იქნება.

კომპანია ირწმუნება, რომ ამ ელექტრომობილებს შორის, სრულად ელექტრული მე-5 სერიის სედანიც იქნება. თუმცა კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ოლივერ ციპსეს, მისი წარმოების დაწყების დრო როიტერსთან არ დაუკონკრეტებია.