საქართველოში შინამეურნეობებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საბანკო პროდუქტი გაძვირდა. ერთადერთი, რაზეც საპროცენტო განაკვეთმა არ მოიმატა, სალომბარდე სესხია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ივნისში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 11,73% შეადგინა, (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საპროცენტო განაკვეთი 8,43% იყო). ბოლო ერთი წლის განმავლობაში 19,12%-დან 25,5%-მდე გაიზარდა ავტოსესხებზე საპროცენტო განაკვეთმა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში სამომხმარებლო სესხებზე გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 21,5%-ს შეადგენდა, აქედან უზრუნველყოფილი კრედიტის განაკვეთი 14,34% იყო, არაუზრუნველყოფილის კი 23,12%.
საანგარიშო პერიოდში ერთადერთი საბანკო პროდუქტი, რომელიც არ გაძვირებულა, არის სალომბარდე სესხი, თუმცა ამ შემთხვევაში განაკვეთი მაინც მაღალია. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2020 წლის ივნისში შინამეურნეობებზე გაცემულ ლომბარდულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 20,23%-ს (წინა წლის ანალოგურ პერიოდში 21,70%)