სამი დღეა ამერიკაში ნავთობის ფასი იზრდება. ორშაბათს ერთ ბარელ ნედლ ნავთობზე ფასმა 0,8%-ით, ანუ 35 ცენტით მოიმატა. ამ დღეს აშშ-ს სენატის რესპუბლიკელებმა თეთრ სახლთან ერთად შემუშავებული კორონავირუსთან დაკავშირებული დახმარების პაკეტი წარადგინეს.
"როიტერსის" ინფორმაციით, პაკეტი 1 ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა და უმუშევრად დარჩენილისთვის გაფართოებული შეღავათების მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა დემოკრატებმა მეტი დახმარების გამოყოფა მოითხოვეს. შესაძლოა, ეს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ნულამდე დაყვანასაც მოიცავდეს.
არსებული ვარაუდის თანახმად, ნავთობის ფასები დოლარის ღირებულების შემცირების ფონზე კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება დოლარს, ის სხვა 6 მთავარ ვალუტასთან შედარებით ყველაზე დაბალ ნიშნულზე სწორედ აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ტალღის შემდეგ დაეცა.