კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე ევროკავშირმა შესაძლოა, იმ ქვეყნებისთვის, რომლებისთვისაც გარე საზღვრები დახურული აქვს, შეზღუდვა კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა, შესაძლოა, უსაფრთხო ქვეყნების სია შეამციროს და იქიდან ალჟირი და მაროკო ამოიღოს.
Bloomberg-ი წერს, რომ ამ ქვეყნების საკითხი ოთხშაბათს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე გადაწყდება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის „მწვანე ქვეყნების“ სიაში, რომლებისთვისაც ევროკავშირმა კორონავირუსის გამო ჩაკეტილი საზღვრები პირველ ეტაპზე გახსნა, დასახელებული ქვეყნების გარდა შედიან: საქართველო, ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, კანადა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების თავდაპირველად გამოქვეყნებული სიიდან სერბეთი და მონტენეგრო ამოიღო