საქართველო მსოფლიოში ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულშია

საქართველო მსოფლიოში ღვინის Top-ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულშია.

ამის შესახებ აღნიშნულია ღვინის ამერიკული ასოციაციის (AAWE) მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. ამ მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-16 ადგილი დაიკავა. კერძოდ, გასულ წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 222 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა.

საქართველო მოწინავე ადგილზეა მთლიან ექსპორტში ღვინის ექსპორტის წილითაც და ის 5.9%-ს შეადგენს. ეს ღვინის ექსპორტიორებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ამით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი.

AAWE-ს მონაცემებით, 2019 წელს ყველაზე დიდი მოცულობით ღვინის ექსპორტი საფრანგეთმა განახორციელა - 10 მლრდ დოლარის ღირებულებით, მას მოსდევს იტალია 7.2 მლრდ დოლარით, შემდეგია ესპანეთი 3 მლრდ დოლარით, ავსტრალია - 2,053 მლრდ დოლარით და მეხუთე ადგილზეა ჩილე - 1,929 მლრდ დოლარი.

AAWE-ს მონაცემებით, ოცეულში შედიან: ამერიკა, გერმანია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, სინგაპური, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ავსტრია, ბელგია.