გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ესპანეთის სამ რეგიონში გამგზავრებისგან თავის შეიკავონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ესპანეთის სამ რეგიონში არააუცილებელი ვიზიტებისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული რეგიონებია: არაგონი, კატალონია და ნავარა.

BBC წერს, რომ ამ სამ რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ესპანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს.

შეგახსენებთ, გუშინ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, ესპანეთში გამგზავრებისგან, აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ და ესპანეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი დააწესა. ამ გადაწყვეტილებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა არამართებული უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურისტები იმაზე მეტად იქნებიან დაცულები, ვიდრე ისინი დიდ ბრიტანეთში არიან.