საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია airBaltic -ს შორის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიის სამი სახელმწიფო 5 ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც საქართველოს უპირობოდ აქვს საზღვარი გახსნილი.
„ამით როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება“, - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენებიც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.
უწყებისვე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან განახლდება რეგულარული ფრენები მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით, რომელთაც, შესაბამისად, „ლუფტჰანზა“, „ეარ ფრანსი“ და „ეარ ბალტიკი“ შეასრულებენ.