გავა თუ არა „პარფოისი“ საქართველოს ბაზრიდან - „აი სი არ ჯგუფი“ გადაწყვეტილებას შემოდგომაზე მიიღებს

ჩანთების და აქსესუარების ბრენდი „პარფოისი“ შესაძლოა, საქართველოს ბაზრიდან გავიდეს.

საბოლოო გადაწყვეტილებას „აი სი არ ჯგუფი“ შემოდგომაზე მიიღებს. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ განუცხადა, დახურვის წინაშე სხვა არც ერთი ბრენდი არ დგას.

ცნობისათვის, „აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. ის წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად „აი სი არ ჯგუფში“ შემავალი ყველა მაღაზია დახურული იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანია პროდუქციას ონლან ყიდდა და იმ პერიოდში გაყიდვებიც გაიზარდა.

„ონლაინ გაყიდვები გაზრდილი იყო კარანტინის პერიოდში, დღეს კი იმდენად აქტიური არ არის, რადგან მომხმარებელს წვდომა აქვს ჩვეულებრივ მაღაზიებში, აქედან გამომდინარე ონლაინ გაყიდვები საგრძნობლად შეგვიმცირდა.

ზოგადად, ახლა გაყიდვების პერიოდია, რთულია ამ დროს გათვლების და ანალიზის გაკეთება, ძირითადად ქეშ ფლოუზე ვმუშაობთ, გაყიდვებზე ყოველთვის მაღალია ზოგადად რეალიზაცია იმიტომ, რომ ხდება სეზონური ფასდაკლებები“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კახა ხაზარაძემ.

რაც შეეხება ბრენდების შესაძლო დახურვას, კახა ხაზარაძე ამას გამორცხავს. ჯგუფში შემავალი ერთადერთი ბრენდი, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ბაზრიდან გავიდეს, „პარფოისია“. თუმცა ამაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას კომპანია შემოდგომაზე მიიღებს.

„ამჟამად ბრენდები დახურვის წინაშე არ დგანან გარდა „პარფოისის” მაღაზიების ქსელისა, რომელიც აქსესუარების ბრენდს წარმოადგენს. კარანტინის დასრულების შემდეგ მოგვიწია 2 მაღაზიის დახურვა, რადგან აქსესუარებზე მოთხოვნა ნაკლებია, ვვარაუდობთ, რომ რაოდენობას კიდევ შევამცირებთ, ხოლო შემოდგომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიხურება თუ არა ბრენდი“, - განმარტა კახა ხაზარაძემ.

„პარფოისი“ პორტუგალიური ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.

რატი ლელუაშვილი