„ხელისუფლებისგან სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას ვითხოვთ,“ - ამის შესახებ „ფრონტერას“ წარმომადგენელმა საქართველოში ზაზა მამულაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის ამ ვითარებაში ამერიკული ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ჩვენ მთავრობასთან შეხვედრას ვცდილობთ, მაგრამ არ გვხვდებიან. ისინი მხოლოდ საჯარო გამოსვლებით გვესაუბრებიან. ვცდილობთ მთავრობა დავარწმუნოთ, რომ საჭიროა სტაბილური ბიზნეს გარემოს შექმნა. ინვესტორს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ დღეს თუ გააკეთებს ინვესტიციებს, ზეგ არ მოვა ხელისუფლება და მას ამ ინვესტიციებს არ წაართმევს. ერთადერთი, რაც ახლა კომპანიას სჭირდება ხელისუფლებისგან, ეს არის მეგობრული გარემოს შექმნა ინვესტიციებისთვის. ასევე აუცილებელია რომ მთავრობამ გარანტირებულად დაიცვას ხელშეკრულების პირობები, რომელზეც თავის დროზე თვითონ მოაწერეს ხელი,“-აცხადებს მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია, სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
ნოდარ სირბილაძე