საქართველო ტურისტებს ისეთ სავიზო პროგრამას სთავაზობს, რომელიც ფრილანსერებს ლამაზი ბუნების გარემოცვაში ცხოვრებასა და მუშაობას გაუადვილებს, - ამის შესახებ საუბარია New York Post-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში: „ექვსი შესანიშნავი და ხელმისაწვდომი ადგილი მსოფლიოში, საიდანაც დისტანციურად მუშაობაა შესაძლებელი“.
„საქართველოს, გერმანიასა და კოსტა რიკას ისეთი სავიზო პროგრამები აქვთ, რომლებიც გამიზნულია ფრილანსერებისთვის, რაც ბუნებით გარშემორტყმულ დიდ და ლამაზ სივრცეებში ცხოვრებასა და მუშაობას გაგიადვილებთ“, - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში საქართველოსთან ერთად საუბარია კიდევ 5 ქვეყანაზე, გერმანიაზე, ესტონეთზე, ჩილეზე, ბარბადოსსა და კოსტა-რიკაზე, სადაც უცხოელ ტურისტებს დისტანციურ მუშაობას სთავაზობენ.
სტატიის ავტორი საქართველოს „კერძების სამოთხეს“ უწოდებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანა მსოფლიო ბანკის რეიტინგში, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით, მეექვსე პოზიციას იკავებს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა. ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა. საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით, მეექვსე პოზიციას იკავებს“, -წერს სტატიის ავტორი.