ამერიკის ყველაზე სწრაფი კომპიუტერი კორონავირუსის მონაცემების დამუშავებისთვის ჩაირთვება

ამერიკელი სპეციალისტები აპირებენ კორონავირუსზე დაგროვილი ინფორმაციის გაანალიზებას ქვეყანაში არსებული უსწრაფესი კომპიუტერის საშუალებით. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც დოკუმენტში წერია, უწყება გეგმავს ამერიკის ვეტერანთა საქმეების სამინისტროსთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ჩაერთოს პროგრამაში ინფექციის შესახებ მონაცემთა გაცვლაზე. უწყებათშორისი ინიციატივის საბოლოო მიზანია ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატის შექმნა.

ჯანდაცვის უწყების განცხადებაში წერია, რომ სპეციალისტები აპირებენ მონაცემთა დასამუშავებლად გამოიყენონ ამერიკის ყველაზე სრწაფი სუპერკომპიუტერი Summit, რომელიც ამერიკის ეროვნულ ლაბორატორიაშია. ეს ობიექტი ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს ეკუთვნის და ის ოუქ-რიჯში (შტატი ტენესი) მდებარეობს. Summit-ის საშუალებით მოხდება მასიური მონაცემების კომპლექსური ანალიზი, ეს კი ხელს შეუწყობს სამკურნალო პრეპარატის უფრო სწრაფად გამოვლენას.

Summit შემქნილია ამერიკული კორპორაცია IBM-ის მიერ. ორი წლის განმავლობაში ის ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფმოქმედ კომპიუტერად, თუმცა მიმდინარე წლის ივნისში ეს სტატუსი გადავიდა იაპონურ სუპერკომპიუტერზე „ფუგაკუ“.

კოკა კვირკველია