კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან 3 ღამის განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან სამი ღამის განმავლობაში (00:30-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება.

„ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს დახაზვითი სამუშაოები. თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. გვინდა, რომ 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში ღამის 00:30 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან წერეთელი, თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძე ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რომ სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შსს-ს და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ამას ადაპტაციის პერიოდი ექნება, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად შევუწყობთ მძღოლებს ხელს ამ მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს. ჭავჭავაძე, ფალიაშვილი და აბაშიძე ერთი დიდი კლასტერია და როდესაც სქემები მუშავდებოდა, ყველაფერი დათვლილია, რომ პრობლემა ამ მიმართულებით არ შეიქმნება“,-აღნიშნა კალაძემ.