„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 14 ივლისს შეტანილი სხვა ცვლილებები განიხილეს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ის უმთავრესი საკითხები, რომელიც ევროკავშირის დღგ-ს დირექტივაზე დაყრდნობით გაიზიარა ქართულმა კანონმდებლობამ. აღინიშნა ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ბოლო ერთი წელია ინტენსიურ რეჟიმში განიხილებოდა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრ კომპანიებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ წარმოდგენილი რეფორმის კანონქვემდებარე აქტებში იმპლემენტაცია ბიზნესთან უკვე დამკვიდრებული თანამშრომლობის რეჟიმში გაგრძელდეს.
შეხვედრაზე საუბარი დიალოგის ფორმით წარიმართა, შესაბამისად, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საგადასახადო-საბაჟო საკითხებზე.
„სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა დღგ-ის რეფორმა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინერგება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამარტივდება პროცესები დღგ-ის ადმინისტრირების მიმართულებით, გაფართოვდება შეღავათების არეალი განათლების, სამედიცინო და სოციალური სფეროში, შემცირდება სადავო საკითხები აღნიშნული მიმართულებით და დაინერგება შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და პრეცენდეტების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, რაც ვიმედოვნებთ, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით“,- განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.