„წლის ბოლომდე მთლიანად გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის"

წლის ბოლომდე მთლიანად გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მერიის სტრატეგია და ხედვა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ყველაზე კომფორტული და სწრაფი.

„ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. შესაბამისად მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ეს მიმართულებები. ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი. წლის ბოლომდე მთლიანად გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და ამასთან მიმართებითაც ბევრი კითხვა ისმოდა, რა ყვითელი ავტობუსით ვიაროთ? არა, არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით, ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, თუმცა ეს არაა სავალდებულო. ცხადია, კერძო ავტომობილებს არ ვკრძალავთ და ვერ ავკრძალავთ“, - განაცხადა კალაძემ.