თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მიმართულების შეცვლამ და BUS LANE-ბის შუაში განთავსებამ მერიას 500 მილიონი ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა.
როგორც წილოსანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჭავაჭავაძის გამზირის არცერთ მონაკვეთზე ავტობუსები მოძრაობისას არ შეფერხდებიან.
„შუაში იმიტომ არის საავტობუსე ზოლები, რომ ჭავჭავაძის გამზირზე არის ბევრი კვეთები, რაც იწვევდა ავტობუსების მოძრაობის სიჩქარის 30%-ით შეფერხებას და შესაბამისად, მოლოდინის დრო მგზავრებისთვის გაიზრდებოდა. იმის გამო, რომ გვინდოდა მოლოდინის დრო შეგვენარჩუნებინა, უნდა დაგვემატებინა ავტობუსები, რაც დამატებით 300 მილიონი ლარით მეტი დაგვიჯდებოდა. ამას დაემატებოდა 200 მილიონი საოპერაციო ხარჯები 10 წლიან ჭრილში. ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ დაიგეგმა პროექტი ისე, როგორც ახლა არის. იმ ადგილებში, სადაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს რაღაც არეულობაა გამზირზე, არანაირი არეულობა არ არის. ზოლები განთავსებულია ისე, რომ მოხდეს ავტობუსების გადაწყობა. რა თქმა უნდა, ამ მონაკვეთებზეც კი არ იქნება ავტობუსების შეფერხება. ეს ისეთივე არგუმენტია, როგორც ადრე იყო, როცა ორსართულიანი ავტობუსი გვირაბში არ გაეტეოდა. ამაზე სერიოზული პასუხის გაცემაც კი მიჭირს“, - განაცხადა წილოსანმა.
როგორც ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. დღეიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ავტობუსები ჭავჭავძის გამზირზე სატესტო რეჟიმში ივლიან. ხოლო შაბათიდან მოძრაობა ახალი გრაფიკით დაიწყება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მძღოლების გადამზადებასაც აპირებს. ახალი სქემის ამოქმედებამდე მათ ტრენინგები ჩაუტარდებათ.
ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავდა. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით გამზირზე მოეწყო ველობილიკიც. როგორც მერიაში აცხადებენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირი სრულად არის ადაპტირებული.
ასევე, სრულად შეიცვალა გარე განათების ქსელი, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები. ნარჩენების შემკრები კონტეინერები მიწის ქვეშ მოეწყო. რეაბილიტაციის შემდეგ გამზირზე დამონტაჟდა 14 შუქნიშანი და ახალი გაჩერებები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.