დაახლოებით ერთი წელია, რაც კონგრესის კანონმდებლები „ამაზონის", „ეფლის", „ფეისბუქისა" და „გუგლის" შესახებ გამოძიებას აწარმოებენ.
გამოძიების მიზანი იმის დადგენაა, ბოროტად გამოიყენეს თუ არა კომპანიებმა თავიანთი ძალა და დომინირება ინტერნეტბაზარზე.
CNN-ის ცნობით, კომპანიების მთავარი აღმასრულებელი დირექტორები - ჯეფ ბეზოსი, ტიმ კუკი, მარკ ცუკერბერგი და სუნდარ პიჩაი კონგრესის წინაშე მოსმენაზე წარდგებიან და ჩვენებებს ერთად მისცემენ, თუმცა, პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი მოსმენაში მონაწილეობას დისტანციურად, WebEx-ის საკონფერენციო პლატფორმის მეშვეობით მიიღებენ.
სავარაუდოდ, კონგრესმენები კომპანიებს მათი ბიზნესის შესახებ საკმაოდ სპეციფიკურ შეკითხვებს დაუსვამენ, 13-თვიანი გამოძიების შედეგად შეკრებილი დოკუმენტებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
სხვა საკითხებთან ერთად, „ამაზონთან" დაკავშირებული კითხვები მის მიერ გამყიდველის მონაცემების გამოყენებას ეხება; "ეფლს" რაც შეეხება, გამოძიება "აფ სთორის" წესებთან დაკავშირებითაა; "ფეისბუქთან" დაკავშირებით საქმე შესყიდვის სტრატეგიასა და ონლაინ რეკლამირებაში დომინირებას უკავშირდება; "გუგლთან" დაკავშირებით კითხვები "გუგლის" ძიების საკუთარი პრაქტიკისა და რეკლამირების შესახებ არსებობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ გამოძიებებმა შესაძლოა, მსოფლიოს უდიდესი და უმდიდრესი კორპორაციები სასამართლო პროცესებამდე, ჯარიმებამდე ან სხვა შედეგებამდე მიიყვანოს.