2016 წელს, როდესაც საელჩო გავხსენით, მხოლოდ 9 ავსტრიულ კომპანიას სურდა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა, გასულ წელს კი უკვე 35 კომპანია გვყავდა. ეს გვიჩვენებს, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა და აქ ინვესტიცია, ძალიან გაიზარდა , - ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, არად ბენკოს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოეწურა.
ელჩის განცხადებით, „ამ წლების განმავლობაში განხორციელდა მრავალი პროექტი, მათ შორის ყველაზე დიდია, ნაბეღლავში RAUCH-ის შესვლა, 40 მილიონი ევროთი.“
ელჩის განცხადებით, დიდია ავსტრიულ კომპანიებს შორის საქართველოში ინვესტირების ინტერესი.
“მე ვფიქრობ, რომ ინვესტიციები გაიზრდება მომავალ წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდთან დაკავშირებული რისკები შემცირდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ავსტრიელ ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციით, უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ეწევა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში.