რაჭაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იმ სოფლების მიმართულებით ასრულებენ რეისს, საიდანაც სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ.
გუშინ დღის განმავლობაში 4 ვერტმფრენის მეშვეობით 7 რეისი შესრულდა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 100-მდე ადამიანი, მათ შორის, არიან მცირეწლოვნები.
რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, რაჭაში სტიქიის ზონაში ვითარება ამ დროისათვის უსაფრთხოა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოზარ სუბარმა განუცხადა, ონში ზარალი დიდია.
"ბოლო რეისზე მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ზოგი დამსვენებელია,ზოგი კი ადგილობრივი მცხოვრები. იყო რამდენიმე, ვისაც გარკვეული სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ასევე, ვისაც მედიკამენტები და ბავშვის საკვები სჭირდებოდა, დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ადგილზე ჩაუტანა. ამ წუთში ადგილზე ვითარება უსაფრთხოა, თუმცა ზარალი დიდია. სტიქიის შედეგად დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის გზაა წაღებული. აღდგენას ალბათ, მინიმუმ 2 კვირამდე დასჭირდება. მობილიზებულია ტექნიკა და დაწყებულია მუშაობა. დენის აღდგენის მხრივ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა. რამდენიმე ოჯახმა განიცადა ზარალი. ერთი სახლი კი მთლიანად დანგრეულია. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 სახლს აქვს მნიშვნელოვანი ზარალი, წაღებულია გარკვეული სავარგულები. მოსახლეობას დავეხმარებით, რაც კი შესაძლებელია, ავუნაზღაურებთ ზარალს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოსახლეობის შესაბამის ადგილამდე ტრანსპორტირება სრულად ხდება.
"დაჯგუფება ხდება, ვინ თბილისში მიდის და ვინ ქუთაისში.ზოგს საკუთარი მანქანა ელოდება, ვისაც არ ელოდება, მის ტრანსპორტირებას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.