ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4 169 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით ნაკლები) 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლები).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 56 პროცენტი თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,3 პროცენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,3 პროცენტი - თბილისზე, 14,4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,1 პროცენტი - იმერეთის, ხოლო 9,4 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.
სულ, 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 758,8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 44,6 პროცენტით ნაკლები) 810 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტით ნაკლები),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.