იურიდიული ფირმა BLC LAW Office-ის პარტნიორი არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ

იურიდიული ფირმა BLC LAW Office-ის პარტნიორი ქეთი ქვარცხავა არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა, ბობ მეიერმა შეიტანეს. მოთხოვნა კი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ზარალის ანაზღაურებაა.

„მოთხოვნა დგას თანხასთან დაკავშირებით. იმ საფუძვლებიდან გამომდინარე, რაც სარჩელს უდევს საფუძვლად, პროექტში მონაწილეობის უფლების აღდგენაზე საუბარი არაა",-აღნიშნა ქეთი ქვარცხავამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ. კერძოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. როგორც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თედ ჯონასმა აღნიშნა, საარბიტრაჟო დავის პროცესი შესაძლოა 2-4 წელი გაგრძელდეს.