რომან გოცირიძე - „ანაკლიის კონსორციუმის“ საარბიტრაჟო დავა ნეგატიურად აისახება საინვესტიციო იმიჯზე - ივანიშვილს ამ ზარალის საკუთარი ჯიბიდან დაფარვა მოუწევს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმის მიერ დაწყებული საარბიტრაჟო დავა ნეგატიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე და ამაში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლებაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს თავად მოუწევს იმ ფინანსური ზარალის ანაზღაურება, რასაც კონსორციუმი ითხოვს.

"ანაკლიის კონსორციუმის“ მიერ ზარალის ასანაზღაურებლად მთავრობისათვის ერთი მილიარდი დოლარის მოთხოვნა საერთაშორისო სასამართლოში, არის ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის დამაზიანებელი. ამაში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შეაჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა. დავის წაგების შემთხვევაში დიდძალ ფინანსურ ზიანს მიიღებს სახელმწიფო, ანუ თითოეული ჩვენი ოჯახი. ნებისმიერ შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურებას მრავალი მილიონი დოლარი შეეწირება. ივანიშვილს მოუწევს ამ ზარალის საკუთარი ჯიბიდან დაფარვა", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.