ნათია თურნავა - სახელმწიფომ „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე არ შეწყვიტა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არბიტრაჟის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა ჰქონდა.

მინისტრის თქმით, მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე არ შეწყვიტა.

„საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ ქართული მხარის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა იყო მხარდაჭერილი და ჩვენ სრული შესაძლებლობა გვქონდა, რომ "ფრონტერასთან" კონტრაქტი მოგვეშალა იმის გამო, რომ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებენ და არსებითი დარღვევა მოხდა კონტრაქტის. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო იმიჯს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ფრონტერა“ თავისის სახელშეკრულებო არეალის ფარგლებში დარჩეს და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ყველა დანარჩენი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია და შედეგი ის დადგება, რომ უხერხულობაში ჩავარდება ზოგიერთი კონგრესმენი, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება მათთვის მიწოდებული „ფრონტერას“ და მისი ლობისტების მხრიდან“,-განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ,23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.