რატი იონათამიშვილი კონგრესმენის მიერ სახელმწიფო მდივნისადმი გაგზავნილ წერილს "ფრონტერას" უკავშირებს და აცხადებს, რომ ის ლობისტებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი 6 კონგრესმენის მიერ სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს "ფრონტერას" უკავშირებს და აცხადებს, რომ "ფრონტერა" საკუთარ ლობისტებს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

"საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა დღეს არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს განცხადებები ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წამყვანი პირებისგან სისტემატურად კეთდება და ამის ყველაზე დიდი დასტური ბოლო პერიოდში იყო პრემიერ- მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარი, რომლებიც აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოახლოებული არჩევნების გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტით ჩატარება. ეს არის ის საკითხი, რომელზეც ამ წერილში არის წუხილი გამოხატული, რომ თითქოს ეს ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ფაქტია, რომ "ფრონტერა" საკუთარ ლობისტებს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს არასწორად მიწოდებული ინფორმაციის ხარჯზე. ამიტომ მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, ვინც ხელს უშლის და ამას შეეცდება, ყოველთვის იქნება განწირული ამ პროცესში,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.