რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი მასშტაბურია, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე დღეს ვერ ისაუბრებს. როგორც გოჩა ენუქიძემ ჟურნალისტებს ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან განუცხადა, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ.
„პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდით სოფელ ღებში და პატარა ღებში. ადგილზე ვესაუბრეთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, დავათვალიერეთ დაზიანებული ადგილები. წაღებულია ხიდი და გზები. პრემიერმა ადგილზე გასცა დავალებები“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
ამ წუთებში, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რეგიონული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად ესწრება.