ყველა მსხვილი ინვესტორისთვის, ყველა მსხვილი ფინანსური მოთამაშისთვის, ეს არის სიგნალი, რომ საქართველოში ინვესტორებს აქვთ პრობლემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, საქართველომ მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი მსოფლიოს ბიზნესსამყაროში.
„საქართველომ მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი ყველა მსხვილი საერთაშორისო ინვესტორის თვალში და საქართველომ მიიღო რეპუტაციული და პოლიტიკური ზიანი ჩვენი მთავარი მოკავშირის, შეერთებული შტატების, კონგრესის და ადმინისტრაციის თვალში. რაც არ უნდა ყოფილიყო ანაკლიის პროექტის ჩაგდების მოტივაცია, არანაირი მოტივაცია არ ამართლებს იმ ზიანს, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარი ქმედებებით ქვეყანას მიაყენა. ეს არის კლასკური მაგალითი როცა ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით აზიანებს ქვეყანას და ხალხს. იმიტომ, რომ ინვესტორებთან მიყენებული ზიანი არის ნაკლები ინვესტიცია, ნაკლები სამუშაო ადგილი და მეტი უმუშევრობა სქართველოში. შეერთებული შტატების კონგრესში მიყენებული ზიანი ეს არის კითხვის ნიშნები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით და ჩვენი ნატოში გაწევრიანების დროში გადადება. ეს ყველაფერი და ეს ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ ანაკლიასთან მიმართებით გადადგა, პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მათ შემოსავალზე, მათ დაცულობაზე. ეს არის მაგალითი იმის, როგორ შეუძლია ხელისუფლებას დააზიანოს ქვეყანა და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე.
ეს არის სიგნალი, რომ ამერიკელ ინვესტორებსაც კი, ამერიკული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებსაც კი, საქართველოში შეიძლება დახვდეს უსამართლობა და დახვდეთ პრობლემა. ასეთი პროცესები ყოველთვის ხმაურდება ბიზნესსამყაროში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით 29 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს. მათი განცხადებით, მოთხოვნების ოდენობა 1 მილიარდ აშშ დოლარს სცდება.