რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაჭაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, 12 სოფელი პრაქტიკულად გარესამყაროს იყო მოწყვეტილი და კვლავ რჩება რამდენიმე სოფელი, სადაც მისვლა ფიზიკურად შეუძლებელია.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ მოსახლეობისა და სპეციალისტების გადაადგილება უზრუნველყოფილი იყოს, ადგილზე 2 ვერტმფრენია მობილიზებული.
“რაც შეეხება სტიქიის ზონებს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. გუშინწინ მოხდა ეს წყალმოვარდანა და უკვე გუშინ დილიდან აქტიურად მუშაობენ ჩვენი სამსახურები, ყველა სამსახური ჩართულია. ხედავთ, რომ ხელმძღვანელი პირების ჩართულობით ხდება ამ ყველაფრის მოგვარება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გუშინ უკვე მოვახერხეთ და ონის წყალმომარაგება აღვადგინეთ. ბუნებრივია, გზის აღდგენის შემდეგ სრულად აღდვადგენთ წყალმომარაგების სისტემას, რომ მოსახლეობას უსაფთრხო სასმელი წყალი მიეწოდებოდეს. გარდა ამისა, გზები და ხიდები არის მთავარი პრობლემა, ვინაიდან გუშინ 12 სოფელი პრაქტიკულად გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. სამუშაოების შედეგად დღეს უკვე 4 სოფელთან გვაქვს დამყარებული დროებითი კავშირი. დროებითი შემოვლითი გზების საშუალებით არის საშუალება, რომ ამ 4 სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა იყოს, ორშაბათისთვის მიმოსვლას კიდევ დამატებით ორ სოფელთან ვგეგმავთ . სამწუხაროდ, გვრჩება რამდენიმე სოფელი, ეს არის დიდი და პატარა ღები, ასევე არის შოვი, გლოლა და ჭიორა. ეს არის ის დასახლებები, სადაც ჯერ ვერ მივდივართ, ტექნიკა მუშაობს, მაგრამ გზის რამდენიმე მონაკვეთია ჩაწყვეტილი, საკმაოდ დიდი მონაკვეთი. შესაბამისად, რამდენიმე ხიდია წაღებული და ამ სამუშაოების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ არც მატერიალური რესურსის და არც ტექნიკის პრობლემა არ არის, ფიზიკურად ჯერ ვერ მივდივართ იმ ჩაწყვეტილი გზების მონაკვეთებამდე მანამ, სანამ ამ მონაკვეთების აღდგენა არ მოხდება. როგორც ხედავთ, ეს პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ პერიოდის განვლობაში, მანამ, სანამ ამ დასახლებების მოსახლეობას ან დამსვენებლებს არ აქვთ საგზაო მიმოსვლა, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ მათი გაადადგილება, ამისთვის ვერტმფრენები არიან მობილიზებულები. ორი ვერტმფრენია, რომელიც მუდმივად ემსახურება როგორც სპეციალისტებს, ასევე მოსახლეობას, ხდება მათი ჩამოყვანა და გაყვანაც ამ ზონებიდან. შესაბამისად, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ამ ზონებში და ყველა პრობლემურ ადგილს შეისწავლიან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ყველა სოფელში გავა ჯგუფი და ზარალსაც დაითვლიან.
„ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ერთ თვემდე დრო დაგვჭირდეს იმისთვის, რომ ამ 5 დასახლებასთან საავტომობილო გზა აღვადგინოთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.