20 ივლისიდან ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება დასაშვები გახდა.
თუმცა, ღონისძიებაზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. თუმცა, სოციალური ღონისძიებების ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით უნდა მოხდეს.
ამ ტიპის ღონისძიებებისთვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებში ძირითადი ყურადღება, დისტანციის დაცვას, მომხმარებელთა ინდივიდუალურ გამასპინძლებას ეხება.
უწყების მიერ შემუშავებული მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ასე გამოიყურება:
- მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა; სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
- 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
- დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
- იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მაგიდებს შორის 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
- მაგიდებთან მომსახურებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
- სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.
დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის კი შემდეგი მოთხოვნებია შემუშავებული:
- გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
- მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
- ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
- ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს;
- სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
- ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
- გამონაკლისი სახით შესაძლებელია მხოლოდ 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
- იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:
- 30 კვადრატულ მეტრამდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;
- 31 კვადრატული მეტრიდან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ 2 );
- დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
- უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
- სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
- ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.