ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი რაჭაში, სტიქიის ზონაში მეორე დღეა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე უწევენ კოორდინაციას.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ დროისათვის ორი დაზიანებული მონაკვეთისთვის უკვე მოწყობილია შემოვლითი გზები, რამაც მისცა მძიმე ტექნიკას საშუალება გადასულიყო შემდეგი დაზიანებული მონაკვეთებისკენ. დღეს უკვე ათ იდენტიფიცირებულ ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს როგორც შემოვლითი გზების მოწყობა, ასევე ნაპირდაცვა, ხიდებთან მისასვლელების მოწყობა და შესაბამისი ქვაყრილით ვაკისის მოწყობა, იმისათვის რომ ყველაზე გამომწვევ 127-ე კილომეტრზე მოხდეს განვლადობის აღდგენა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 4 სოფელს ონიდან უწერამდე საავტომობილო მიმოსვლა აღუდგა.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რაჭაში სტიქია მასშტაბურია.
„რეალურად 2კმ-ზე მეტი არის ის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრძე, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს სრული ფრონტის სამუშაოების წარმართვას. ვინაიდან კონკრეტული მონაკვეთების გადალახვის შემდეგ ვახერხებთ გადასვლას, 15 ლოკაციიდან 10-ზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც ფიზიკურად მისვლა არის შესაძლებელი. როდესაც 127-ე კმ აღდგება, იმის იქეთ არის კიდევ დაახლოებით 5 მონაკვეთი ასევე ძალიან მწვავე და გაგრძელდება ამ მონაკვეთებზე სამუშაოები“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები: საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები, მეხიდეები სტიქიის ზონაში არიან მობილიზებულები და მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე შემდგომი პრევენციის და გზების აღდგენის გეგმაზე.
სპეციალისტები ასევე ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს აუცილებელი სამუშაოები და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.