ნათია თურნავა - „ანაკლიის კონსორციუმის“ და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. მინისტრის შეფასებით, კონსორციუმი საკითხის პოლიტიზირებას და მთავრობისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს.

მისივე განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულებას „თავი ვერ მოაბა“.

„კონსროციუთან ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა, ახლა 2020 წელია და ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ უკვე ანაკლიის მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კონსორციუმმა სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მოვალეობა და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას. ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა და ასევე მცდელობა, რომ მთავრობას ხელი შეგვიშალოს ახალი ინვესტორის მოძიებაში. ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ სატენდერო პაკეტის განახლებაზე და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“,-აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, როგორც დღეს გახდა ცნობილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ისინი საქართველოსგან დანაკარგების ასანაზღაურებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.