რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 სოფლიდან ამ დროისთვის პრობლემურ ზონად რჩება 5 სოფელი, სადაც საავტომობილო მოძრაობა ჯერჯერობით არ არის.
როგორც ცქიტიშვილმა ონში, საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ინტენსიური მუშაობის შედეგად შემოვლითი გზა აღდგენილია 7 სოფელში.
„5 სოფელთან მიმართებით ჩვენი ამოცანა იყო ჩაწყვეტილი გზების მონაკვეთები აღდგენილიყო. დილიდან დავათვალიერეთ სამუშაო ადგილები. უკვე ეწყობა გადასასვლელი ტექნიკისთვის გზა და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ტექნიკის შემდგომ მონაკვეთამდე გადასვლის საშუალება იქნება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ, არის ცხელი ხაზი, რომელსაც ისინი შესაბამისი პროდუქტების და წამლების მისაღებად უკავშირდებიან. მინისტრის ინფორმაციით, სურსათი დილიდან დარიგდა სოფელ ხიდეშლებში და მაჟიეთში. ასევე დილიდან გაფრინდა ვერტმფრენი ღებში, რომლითაც ასევე სურსათი ჩაიტანეს.
გარდა ამისა, ცქიტიშვილის განმარტებით, შედგენილია ვერტმფრენების გრაფიკი. ორშაბათამდე განსაზღვრულია კონკრეტული საათები და იმ ხუთ დასახლებაში ვერტმფრენით რეისები შესრულდება. ხოლო ვინც სტიქიის ზონიდან გამოსვლის სურვილს გამოთქვამს, ვერტმფრენით წამოიყვანენ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმდნენ, რომ ამ ხუთ სოფელში იქნება ექიმი, გადაუდებელი საჭიროებებისთვის. ცქიტიშვილის განმარტებით, ვიდრე კავშირი არ აღდგება, მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მინისტრის ინფორმაციით, დენის მიწოდება გუშინ 10 სოფელში აღდგა, დღეს კი უწერაში აღდგება. ამას გარდა, სპეციალური ჯგუფი ჩასულია იმ პრობლემურ 5 სოფელში, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა. ასევე სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების მხრივ.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მომდინარეობს. ვერტმფრენის მეშვეობით გეოლოგიურმა სამსახურმა რამდენიმე შემოფრენა განახორციელა, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სტიქიის ზონა შესაძლო საფრთხეების გამორიცხვის მიზნით.
„მოგვაწოდეს დამამშვიდებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არ არის წყლის დაგუბებები, რაც ნიშნავს იმას, რომ შედგომი მეწყრული პროცესები ან წყალმოვარდნები ამ ეტაპზე გამორიცხულია. ასევე დათვალიერების შედეგად ჩანს, რომ არის ჩაწყვეტილი მონაკვეთები. გარკვეულ დასახლებებში რამდენიმე სახლს საფრთხე ექმნება, სადაც გასატარებელია ნაპირდაცვითი ღონისძიებები ან ზარალის დადგენის კომისიის ფარგლებში გადაწყვეტილებები გვექნება მისაღები ამ სახლების დატოვებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა საპროექტო ჯგუფი დილიდან იმყოფება დიდ და პატარა ღებში. სპეციალისტები აღნიშნულ სოფლებში დარჩებიან იმისათვის, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდეს დაპროექტება და შესწავლა, რაც რეაბილიტაციის ნაწილში სამომავლოდ არის განსახორციელებელი",- განაცხადა ცქიტიშვილმა.