მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს

რაჭაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობას განაგრძობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან იუწყებიან, მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს.

მათივე ცნობით, სამ ლოკაციაზე, ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

უწყების ინფორმაციით, პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.