ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში წარადგინეს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი.
„პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები დამატებით 5 თვით ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.
სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება - მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის („start-up“) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.