კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები, სოფლები შუამთა, გულები, მეძიბნასა და მერისის ჩანჩქერები იმ ტურისტული ადგილების ჩამონათვალია, რომლებიც ცნობილმა ქართველმა ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა აჭარაში მოინახულეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შიდა ტურიზმის სტიმულირების პროექტი რეგიონში წარმატებით ხორციელდება. პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა ბლოგერებისა და ინფლუენსერების პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ისინი ათასობით გამომწერს საკუთარ შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს უზიარებენ. პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერია შერჩეული, რომლებიც რეგიონში 3 აგვისტომდე იმოგზაურებენ. დღეს, ისინი ჭვანას ხეობაში ლელთის ტბასა და ხაბელაშვილების ხიდს მოინახულებენ, რის შემდეგაც ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე გააგრძელებენ მოგზაურობას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბლოგერების შემდეგ პროექტში ფოტოგრაფების, კულინარებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა.
მთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს.