კორონავირუსის პანდემიის გამო თხილის ნაწილი გასაყიდი დაგვრჩა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის გადამამუშავებელ კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსში” განუცხადეს. კომპანიის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე ამბობს, რომ ახლა პროდუქციის ამ ნაწილის გაყიდვა შედარებით დაბალ ფასში მოუწევთ.
სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანია წლის განმავლობაში საშუალოდ 2-2,5 ათას ტონა თხილს ამუშავებს. სეზონზე კომპანიაში 80 ადამიანია დასაქმებული, არასეზონზე კი 30.
როგორ ყველა სხვა ყველა ბიზნესი, კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა თხილის სექტორიც. ბაია სალუქვაძის თქმით, შემსყიდველი ბაზრები იყვნენ არააქტუალურები, ანუ მოთხოვნა არ იყო, ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.
„არიან საწარმოები, მათ შორის ჩვენც, რომელთაც წინა სეზონის თხილი დაგვრჩა გასაყიდი. არც ხარისხს იწუნებდა ვინმე, არც ფასზე ჰქონდათ პრობლემა, უბრალოდ მოთხოვნა არ იყო ბაზარზე. ამის გამო პრობლემები შეგვექმნა. თუმცა მისი გაყიდვის პრობლემა არ გვექნება, წინა სეზონის თხილი ყოველთვის იყიდება და არ რჩება.
კიდევ ერთი პრობლემა საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ამაღლებაა, რაც ძირითადად გამოფენებზე მონაწილეობით ხდებოდა. ვირუსმა აქაც შეგვიშალა ხელი, ვეღარ დავდივართ გამოფენებზე. თუმცა იმედი გვაქვს, რომ წელს სიტუაცია მეტ-ნაკლებად უფრო სტაბილური იქნება“, - განაცხადა სალუქვაძემ.
„ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” თხილის შესყიდვას მომავალი კვირიდან დაიწყებს.